კელი დეგნანი: ჩვენგან საქართველოს პარლამენტი შექებას იმსახურებს, რადგან სასამართლოს მიმართულებას პრიორიტეტს ანიჭებდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პარლამენტის მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა.

მან კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილის ასახვა დადებითად შეაფასა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სისტემის გასაუმჯობესებლად და პარლამენტი ჩვენგან შექებას იმსახურებს, რადგან მუშაობდა და პრიორიტეტს ანიჭებდა სასამართლოს მიმართულებას. რაც შეეხება ახალ კანონპროექტს, აქ არის საკითხები, რომელიც შეეხება მოსამართლეთა არჩევის პროცესს, ასევე, დაემატა წერილობითი დასაბუთების აუცილებლობა და გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს საკითხები მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ უფრო გამჭირვალე ხდება ხმის მიცემის პროცესი. ეს ის ძირითადი მიმართულებები და რეკომენდაციებია, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა ამ პროცესთან დაკავშირებით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ საკითხებზე მოხდა რეაგირება და ისინი აისახა კანონმდებლობაში.
ასევე, იყო სხვა რეკომენდაციები ვენეციის კომისიის, აშშ-ისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ, ჩვენ იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი პარლამენტი კვლავ სასამართლო საკითხებს მიანიჭებს პრიორიტეტს და გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც უკვე ცნობილია. ძირითადი მიზანი ამ რეფორმისა გახლავთ ის, რომ სასამართლო სისტემა გახდეს უფრო ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი ორგანო იმიტომ, რომ სასამართლო არის დემოკრატიის ქვაკუთხედი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისათვის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას საკუთარ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა, ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები