შავ ზღვაში 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა განისაზღვრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ევროკავშირისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინა, მათ შორის, ქაფშიის, რომელიც 109 000 ტონას შეადგენს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით განხორციელებულმა კვლევებმა, სააგენტოს პირველად მისცა საშუალება, მარაგი ევროკავშირის სტანდარტებისა და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განესაზღვრა.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ასევე, დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამამუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას.