საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით თურქეთში გაკეთებულ განცხადებებს “სახიფათო” და “გაუაზრებელი” უწოდა.
ამის შესახებ მან რიგაში ლატვიის პრემიერთან, კრიშიანის კარინშემთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ყურადღება მივაქციეთ თურქეთში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც გაუაზრებელი და სახიფათო მეჩვენება”, – თქვა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, დღეს საღამოს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს, ხოლო ხვალ თეთრი სახლის ლიდერთან – დონალდ ტრამპთან, რომლის დროს მოხდება აზრთა გაცვლა და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზების შეთავაზება.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა 27 სექტემბერს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ანკარა მზად არის, აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადოს როგორც მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ისე – ბრძოლის ველზეც.
ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმაც.
ცნობისთვის, საფრანგეთი, აშშ და რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.