ზაურ დარგალი: ძალადობა ჩვენი სტილი არ არის, “ნაცმოძრაობის“ სტილია
“ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აგრძელებს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს, მათ იციან, რომ მარნეულში და მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნები წაგებული აქვთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება.
,,გუშინ დილის საათებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაიწყო სხვადასხვა სახის პროვოკაცია, რომელიც დღის განმავლობაში გაგრძელდა. შემდგომ, საღამოს საათებში, როდესაც ჩვენი აქტივისტები ისხდნენ შტაბის წინ, მოვარდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და დედა აგინეს ყველას, ვინც შტაბის წინ იჯდა, რის შედეგადაც მოხდა ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება. ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აგრძელებს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს, მათ იციან, რომ მარნეულში და მთელი საქართველოს მასშტაბით წაგებული აქვთ არჩევნები იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვაქვს. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული და მივიღებთ შედეგს ამასთან დაკავშირებით. ძალადობა არ არის ჩვენი სტილი, ძალადობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, რომელიც დილიდან პროვოკაციას აწყობდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ. ჩვენ მშვიდობიან გარემოში ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და ვართ იმის გარანტი, რომ არანაირი პროვოკაცია არ მოხდეს. მოსახლეობას დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ და აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. ასევე, კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პირველი არხის“ ოპერატორს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.