გერმანელთა სასტუმროები ძველ თბილისში – სასტუმრო „ვეტცელი“

თბილისური სასტუმროების ისტორია ერთი იმ ხიდთაგანია, რომლებიც საქართველოს ისტორიას ევროპის ისტორიასთან აკავშირებს. სასტუმრო, როგორც ეკონომიკური, სოციალური და არქიტექტორული ფენომენი ახალმა დრომ მოიტანა, და შესაბამისად, ის იყო ამ ახალი დროის მონაბერი ბევრი სიახლის მიკროსამყარო. სასტუმრო წარმოადგენა ადგილობრივი თემისა და მის გარეთ არსებული უფრო დიდი საზოგადოების შეხვედრის ადგილს, სივრცეს, რომელიც ერთი მხრივ, ცხადად აჩენდა განსხვავებას შინაურსა და გარეულს, “მე”-ს და უცხოს შორის და, მეორე მხრივ, ხელს უწყობდა მათ დაახლოებას.

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე სასტუმროს ბიზნესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი მეწარმეები, ასევე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. აღსანიშნავია რომ, პირველ სასტუმროებს თბილისში მცხოვრები ევროპელები ხსნიან მათ შორის არიან გერმანელები. გერმანელებს უკავშირდება სასტუმროები: მადერივეტცელი, ლონდონი და სხვ.

სასტუმრო „ვეტცელი“

ვეტცელები – XIX საუკუნის დასაწყისში ვიურტემბერგიდან საქართველოში გადმოსახლებულ გერმანელ კოლონისტებს შორის იყო კასპარ ვეტცელი. მას ჰყავდა ორი ვაჟი – იაკობ ფრიდრიხი და იოჰან კასპარი.

კასპარ ვეტცელის მემკვიდრეებმა XIX საუკუნის II ნახევარში მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებას მიაღწიეს, რასაც ცხადჰყოფს მათ მიერ თბილისში აგებული შენობების რაოდენობა. საქართველოს საისტორიო არქივში ინახება კასპარ ვეტცელის შთამომავლების რამდენი ათეული შენობის პროექტი, რომელთა ნაწილი განხორციელდა. ვეტცელების დაკვეთით აგებული ზოგიერთი შენობა ამჟამადაც დგას თბილისში, რამდენიმე მათგანი მოგვიანებით დაინგრა, ნაწილი პროექტებისა კი, როგორც ჩანს, არც განხორციელებულა.

ყველაზე წარმატებული ვეტცელებს შორის იაკობ ფრიდრიხი (1835-1904) აღმოჩნდა. მისი კაპიტალი სწრაფად იზრდებოდა და მუდმივ ბრუნვაში იყო. მას ჰქონდა საკუთარი ლუდის ქარხანა, სასტუმრო, ფლობდა სახლებს თბილისში, კოჯორსა და წავკისში. ფრიდრიხ ვეტცელი ატარებდა II გილდიის ვაჭრის ტიტულს. გარკვეულ პერიოდში იგი ასევე იყო ქალაქის სათათბიროს წევრი. ახლანდელი ზ. ჭავჭავაძის ქუჩა მცირე ხნის მანძილზე ვეტცელის სახელს ატარებდა.

„ვეტცელი“ XX საუკუნის დასაწყისიდან მტკვრის მარცხენა ნაპირის საუკეთესო სასტუმრო გახდა. სამსართულიანი მანსარდიანი შენობა მდიდრულად არის გაფორმებული ბაროკული არქიტექტურის ელემენტებით. გეგმით ის ასო U- მოყვანილობისაა. შუა, მთავარი ნაწილი მიმართულია პროსპექტის მხარეს, მარჯვენა ფრთა – ქსენიას ქუჩისკენ, ხოლო მარცხენა – კვარტლის სიღრმეში.

ფრიდრიხ ვეტცელმა, რომელიც შენობის პატრონიც იყო და სასტუმროსიც, ის თავისი დროის ყველა შესაძლო კომფორტით აღჭურვა. ოთახებში იყო წყლის გათბობა და ელექტროგაყვანილობა. სასტუმროს ჰქონდა ლიფტი, საბილიარდეკეგელბანი და ორი რესტორანი, მათ შორის ერთი, სარდაფის სართულში – „გერმანული სტილის“ მხატვრობით გაფორმებული. შემდგომში ამ რესტორანმა ცალკე სახელიც მიიღო – „გერმანია“, მაგრამ მთავარი, რაც „ვეტცელს“ თბილისის სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევდა, იყო მის მარცხენა ფრთაში მოწყობილი თეატრი, რომელშიც პერიოდულად სხვადასხვა დასები მართავდნენ წარმოდგენებს. ხშირად აქ საქორწინო და სხვა ზეიმებიც ეწყობოდა. სასტუმროს ჰქონდა ბაღიც, რომელშიც 1901 წლის ზაფხულში კონცერტებს მართავდა ოპერის თეატრის ორკესტრი.

იმავე 1900 წელს, ბილფელდისავე პროექტით, სასტუმროს ქსენიას ქუჩის მხრიდან მიშენდა ორი დაბალი ფლიგელი. ერთი მათგანი განკუთვნილი იყო მომსახურე პერსონალისთვის, მეორე – სამანქანო განყოფილებისთვის.

1904 წელს, ფრიდრიხ ვეტცელის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობა გადავიდა მის შვილებზე, რომლებიც ერთხანს განაგრძობდნენ მამის მიერ წამოწყებულ სამეწარმეო საქმიანობას. მოქმედებდა სასტუმროც და ლუდის ქარხანაც. ფრიდრიხ ვეტცელის შვილები ლუდთან ერთად უშვებდნენ კათხებს, რომელზეც იყო წარწერა Пивоваренный Завод Насл. Ф. К. Ветцель. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ დიდხანს ვერ შეძლეს მამის მიერ დატოვებული ქონების მართვა და მისი დიდი ნაწილის გაყიდვა მოუხდათ. გაიყიდა ქარხანა, რამდენიმე სახლი თბილისში და სასტუმრო.

1911 წელს სასტუმრო შეიძინა ფ. ვეტცელის ყოფილმა ხელქვეითმა, იმხანად შეძლებულმა მეწარმემ, ნოე სიხარულიძემ, რომელმაც შენობა საფუძვლიანად გადააკეთა და გააფართოვა. აღებულ იქნა ფლიგელები ქსენიას ქუჩაზე და მათ ხარჯზე მარჯვენა ფრთა შესამჩნევად დაგრძელდა. პროსპექტის მხრიდან, მთავარ ფასადზე სასტუმროს მიაშენეს დიდი ვერანდა, გაკეთდა ხელოვნური მღვიმეები პირველ და მეორე სართულებზე, მთავარი შესასვლელი გაფორმდა მუზარადიანი ჰერმესის სკულპტურებით.

1915 წელს ნოე სიხარულიძემ სასტუმროს თავისი სახელი – “ნოე” დაარქვა. 1928 წელს მას “ევროპა”ეწოდა. ცოტა ხნის შემდეგ ის დახურეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვლავ გახსნეს, ამჯერად “რუსთავის” სახელწოდებით. 1970-იან წლებში სასტუმრო ისევ დაიხურა. მას შემდეგ შენობა ეკავა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს. ამჟამად ის დაცლილი და გაპარტახებულია.

წყარო: ქართულ-გერმანული არქივი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები