გია ვოლსკი: მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება არაკომპეტენტურია და პროვოკაციული

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილის განცხადება პროვოკაციულია.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის არა მხოლოდ პროვოკაციული, არამედ არაკომპეტენტურს ვუწოდებდი, რომ არ იცოდეს, რეალურად, რამხელა ზიანის შეიძლება მოუტანოს საქართველოს. ეს არის დესტრუქციისა და მავნებლობის აშკარა გამოხატულება, რასაც ჰქვია ერთი მხარის მხარდაჭერა და პოზიციის გამოხატვა მაშინ, როცა საქართველოს სამეზობლოში მხოლოდ მშვიდობა აწყობს. სააკაშვილის მიზანია, რომ საქართველოსთან ასწლეულების მანძილზე მშვიდობიანად მაცხოვრებელმა სომხურმა და აზერბაიჯანულმა ეთნიკურმა ჯგუფებმა დაპირისპირების გარკვეული ხარისხი გამოავლინონ და თუ სააკაშვილის ოცნება ახდება, ეს ყველაფერი დაპირისპირებაში გადავიდეს. ეს განცხადება ამას ნიშნავს, სხვას – არაფერს. მაქსიმალურად თავშეკავებულები უნდა ვიყოთ, ნეიტრალურები და საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შევთავაზოთ, რომ ამ პროცესების მოგვარებაში გადაუდებლად ჩაერთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება სამეზობლოში საგანგებო მდგომარეობა შექმნას. კერძოდ, საქართველოში, სადაც ცხოვრობენ აზერბაიჯანელებიც და სომხებიც. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით იყოს საქართველოს ტერიტორიაზე დაპირისპირება. სამწუხაროდ, ამისკენ იღწვიან ოპონენტები და სააკაშვილის განცხადება სწორედ ამას მოწმობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სააკაშვილის თქმით, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები