ბერდია ლომიძე: „ფეისბუქიდან“ აღებული ფოტომასალა გადაღებულია 2017-2019 წწ-ში, ხოლო N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვარ 2020 წლის 9 ივნისიდან
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის “ფეისბუქ” გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
ბერდია ლომიძის განცხადებით, „ფეისბუქიდან“ აღებული ფოტომასალა, რომლის წარდგენით დავით კირთაძეს ჰქონდა მცდელობა, მოეხდინა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩემი დისკრედიტაცია, გადაღებულია 2017-2019 წწ.-ში, ხოლო N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია 2020 წლის 9 ივნისიდან.
„მინდა, გამოვეხმაურო 2020 წლის 18 სექტემერს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟს, რომელშიც გაშუქდა ცესკო-ს 2020 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე განვითარებული მოვლენები. აღნიშნულ სხდომაზე ცესკო-ს წევრმა, დავით კირთაძემ წარადგინა სოციალურ ქსელ „ფეისბუქიდან“ აღებული ფოტომასალა, რომლის წარდგენით დავით კირთაძეს ჰქონდა მცდელობა მოეხდინა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩემი დისკრედიტაცია. ამით ის ამტკიცებდა, რომ თითქოს ფოტოები არის უახლოეს პერიოდში გადაღებული და ამით ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ თითქოს ამჟამად დავდივარ „ქართული ოცნების“ შტაბში და ვიღებ დავალებებს.
განვმარტავ, რომ აღნიშნული ფოტოები გადაღებულია 2017-2019 წწ.-ში, ხოლო N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვარ 2020 წლის 9 ივნისიდან. ჩემს საქმიანობაში ვარ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. გასული პერიოდის კანონიერ საქმიანობას არავითარი შემხებლობა არ აქვს დღევანდელ პოზიციასთან და არ შეიძლება, გახდეს ჩემი საქმიანობის შეფასებისა და შეზღუდვის საფუძველი.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.
შესაბამისად, დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა და სწორი ფაქტების გახმოვანება მოეთხოვება საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს.
შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაზე ვაპირებ შესაბამის კანონიერ რეაგირებას“, – წერს ბერდია ლომიძე.