ნინო ლომჯარია: სახალხო დამცველი განაგრძობს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს რეაგირება

“წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი და მოსყიდვის თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გვყავს დაზარალებული”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაუცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება იქნება.

„ასევე, ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება. სამწუხაროდ, წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი და მოსყიდვის, თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გვყავს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა, სახალხო დამცველი განაგრძობს მონიტორინგის განხორციელებას, რამდენად ობიექტურად და დროულად ხდება თითოეულ ფაქტზე გამოძიების დაწყება და პირების პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედიას აქვს პასუხისმგებლობა, ობიექტურად და სიძულვილის ენის გამოყენების გარეშე გააშუქოს ინფორმაცია.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. ჩემი მოწოდება იქნება თითოეული მედიასაშუალების მიმართ, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, ქსენოფობიური, ჰომოფიბიური განცხადებები და არ იყოს წახალისებული ძალადობის ფაქტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მედია ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, პირველ რიგში ეს პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობაა, თუმცა ვფიქრობ, მედიასაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება გარკვეული ფაქტების სწორად გაშუქების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები