რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და აღდგენა.
როგორც მან RTVI-ის ეთერში თინა კანდელაკისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მართალია, ასეთი პოლიტიკოსების რაოდენობა, ჯერჯერობით, მწირია, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება და დალაგდება. გამოჩნდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ამის მომხრენი არიან. ჯერჯერობით, ისინი მცირე რაოდენობით არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, გაიმარჯვებს ჩვენი ტრადიციული ისტორიული ერთობა, ჩვენი ხალხების ურთიერთმიზიდულობა. პროვოკატორები კი, რომლებიც ცდილობენ, არ დაუშვან, საქართველო – რუსეთის ურთიერთობა ნორმალურ რელსებზე გადავიდეს, დამარცხდებიან”, – თქვა რუსმა დიპლომატმა.
ასევე, მან გააკეთა კომენტარი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით.
კანდელაკის კითხვაზე, “ხომ არ არის დრო, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს, უკვე იზრდება ქართველების მეორე თაობა, რომლებსაც რუსეთი არც უნახავათ” – ლავროვი ამბობს, რომ ქართველებს რუსეთში ჩასვლა ახლაც შეუძლიათ.
“ვიზის მიღების შედეგად, გავაფართოვეთ ვიზის მიღების შესაძლებლობები, არ არსებობს ჩვენთან ჩამოსვლაზე არავითარი შეზღუდვა. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, როგორც იცით, ერთი წლის წინ ამისთვის მზად ვიყავით, რამდენიმე ნაბიჯი, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირა გვაშორებდა ამ წინადადების გაკეთებისგან ან განცხადების გაკეთებისგან. მაგრამ ის შემთხვევა მოხდა, რუსულ დელეგაციასთან დაკავშირებული თბილისში, როდესაც მიიწვიეს, სავარძელში ჩასვეს და ამის შემდეგ, პრაქტიკულად, ძალის გამოყენება დაიწყეს”, – თქვა ლავროვმა.