ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი, ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ექსპერტიზის შედეგად, უტყუარად დადგინდა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტოების სიყალბე.
„ასევე, გვსურს, გაგაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც, მისი მტკიცებით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.
ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ იყო მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა, მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრისა და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა, მან წარმოადგინა ორი ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიისა და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები – მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ამ დრომდე უარს აცხადებენ გამოძიებისთვის ე.წ. სატელიტის ფოტოების მომწოდებლის ვინაობის დასახელებისა და ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებისგან.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი, ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.
კერძოდ დადგინდა, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პირველ ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი – „2020 Jul 19“, ჩატარებული ვიზუალური და გამოთვლითი კვლევების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რაც გამოიხატა შემდეგში: ზედა მარცხენა კუთხეში არსებული მცირედ გამჭვირვალე ღილაკების ქვეშ ფონი მკვეთრად განსხვავდება საერთო ფონისგან, კერძოდ, თუ მარცხენა ქვედა ღილაკის ფონი ასახავს სატელიტური ფოტოსთვის დამახასიათებელი წყლის გამოსახულებას, ღილაკის არეალის შემდგომ ეს ფონი სწორხაზოვნად გადადის ხმელეთის გამოსახულებაზე. ასევე, ფოტოს ძირითად ფონთან შეუსაბამოა ზედა და ქვედა ორ ღილაკს შორის არსებული სივრცის გამოსახულება მის გასწვრივ აღბეჭდილ ხმელეთის გამოსახულებასთან. ასევე, როგორც შეფერილობით, ასევე დეტალიზაციითაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან სურათის ძირითად ფონზე არსებული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სიმაღლიდან დანახულ დედამიწის სატელიტურ გამოსახულებას. ღილაკები დატანილია სხვა ფოტოსურათიდან.
მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათზე, რომელზეც იკითხება თარიღის აღმნიშვნელი მონაცემი „2020 Jul 22“, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე შეინიშნება გაბუნდოვნებული გამოსახულება, ასევე ქვედა ცენტრალურ ნაწილში შეინიშნება გამოსახულების გაბუნდოვნება, რაც სტანდარტულად რაიმე ვებგვერდის გახსნისას ეკრანის გადაღებით არ მიიღება და იგი შესრულებულია ფოტორედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად პირველი ფოტოსი, აღნიშნული ფოტოსურათიც მიღებულია მონტაჟის გზით.
ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მეორე ფოტოსურათთან მიმართებით განსხვავება შეინიშნება ქვედა მარცხენა კუთხეში არსებულ ციფრების კომბინაციაში, მარჯვენა ზედა კუთხეში ორი ღილაკის არარსებობაში, ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მოზრდილ ღილაკზე წარწერის ადგილზე და ქვედა ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულების გაბუნდოვნებაში.
ვინაიდან თავიდანვე თვალსაჩინო იყო, რომ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე იყო მონტაჟის კვალი და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უტყუარად დადგინა აღნიშნული ფოტოების სიყალბე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა გამოძიებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება“, – განაცხადეს პროკურატურაში.