არჩილ თალაკვაძე: პომპეოს განცხადებას მივესალმებით, ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა პარტნიორმა დააფიქსიროს დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში
„ჩვენ მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს მიმართ იჩენს ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს სურს, რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა დააფიქსიროს დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში.
„ჩვენ მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს მიმართ იჩენს ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა არის ძლიერი და საიმედო. მივესალმებით მაიკ პომპეოს განცხადებას საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციას ჰქონდა წინასწარი, გაურკვეველი სიხარული, რომ არჩევნები დამკვირვებლების გარეშე ჩატარდებოდა, თუმცა, ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისს ექნება ძალიან ფართო მისია ამ არჩევნებზე, ასევე, ამაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტარები, მე პირადად მივმართე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ევროკავშირს, რომ გამოყონ დამატებითი დამკვირვებლები. დღეს უკვე მაიკ პომპეოს და აშშ-ის განცხადებაც ვნახე საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ადასტურებს შემდეგს – ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებლებმა ნახოს ეს და რაც შეიძლება მეტმა პარტნიორმა დააფიქსიროს დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში. ეს არის როგორიც ჩვენი, ასევე ჩვენი პარტნიორების თანმხვედრი სურვილი და პოლიტიკური ნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოხალისეებს გამოგზავნის.