უკრაინა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს – კიევმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 სექტემბერს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელშიც ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებთანაც კიევი “სტრატეგიულ პარტნიორობასა” და “ყოვლისმომცველ თანამშრომლობას” გააღრმავებს.

ასეთ ქვეყნებს შორის დასახელებულია: აშშ, ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი და საქართველო.

ადგილობრივი მედია ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ იმ დროს, როდესაც კიევი ბაქოსთან გეგმავს პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას, ნუსხაში ვერ მოხვდნენ ქვეყნის უახლოესი მეზობლები, როგორიც არის, მაგალითად, რუმინეთი და სლოვაკეთი.

ზელენსკის მიერ წარდგენილ სტრატეგიაში პირველ ადგილს იკავებს გრაფა – “საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებები” – რომელშიც ნათქვამია, რომ ეს არის ევროკავშირი და ნატო – სრულფასოვანი წევრობის მოპოვების ჭრილში.

“ჩამონათვალში აზერბაიჯანის შეყვანა, რბილად რომ ვთქვათ, გამაოგნებელია. ეს სახელმწიფო ნამდვილად არ არის ჩვენთვის პარტნიორი დემოკრატიის განვითარების საკითხში. ის რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში არ გვეხმარება. ამისთვის არც ეკონომიკური საფუძველი არსებობს: 2020 წლის ორი კვარტლის მონაცემით, აზერბაიჯანში 179 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთის ექსპორტი განვახორციელეთ, რაც უკრაინის ექსპორტის 0,78% შეადგენს”, – ნათქვამია უკრაინული გამოცემის მასალაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ სტრატეგიაში ვერ მოხვდა ისეთი ქვეყანა, როგორიც არის რუმინეთი – ნატო-ს შავიზღვისპირეთი ქვეყანა, რომლის საზოგადოებასა და პოლიტიკოსებში ძლიერი ანტირუსული განწყობებია.

“და ეს კიდევ უფრო დასანანია, რადგან ამ სახელმწიფოს უკრაინის მხარდაჭერის ძლიერი პოტენციალი აქვს, მათ შორის, უსაფრთხოების ნაწილში, რასაც კიევი რატომღაც არ იმჩნევს. ასევე, არ არის სლოვაკეთი, რომელსაც უკრაინის დამოუკიდებელი ენერგეტიკული სისტემისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე – აზერბაიჯანს”, – ხაზგასმულია სტატიაში.

სტრატეგიაში კიდევ ორი მეზობელი – მოლდოვა და ბელორუსი ნახსენებია გრაფაში – “პრაგმატული ურთიერთობა”. აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან კი უკრაინა “ურთერთმომგებიან ეკონომიკურ თანამშრომლობას” განავითარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები