თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა “ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა.
სესიაშვილის განმარტებით, მათში პოლიტიკური მოტივაცია შეინიშნება.
„ჩემი დამოკიდებულება NDI- ის კვლევებთან მიმართებით ცნობილია. იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩატარდა დღემდე, მიმაჩნია, რომ მათში შეინიშნება პოლიტიკური მოტივაცია, ამიტომ, ამ კვლევებს ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ. იცით, რომ წლების განმავლობაში NDI-ისა და IRI- ის კვლევები აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა რეალობას, მიუხედავად მათი სათავო ოფისებისადმი პატივისცემისა, კვლევის შედეგების ცდომილება იყო ძალიან დიდი, რადგან აშკარა იყო მათი პოლიტიკური მიკერძოებულობა.
“ქართულ ოცნებას” აქვს გამოკვეთილი მხარდაჭერა, ჩვენს ოპონენტების რეიტინგებს აქვს ვარდნა, თავიანთი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ესეც მოსალოდნელი იყო, რადგან მათი ძირითადი კამპანია აგებული იყო ტყუილებზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88 პროცენტი), თუმცა, ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას (59 პროცენტი).