ანა მიქელაძე: “პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესი დაარღვია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნება
ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესი დაარღვია.
მისი თქმით, ცესკო-ს ადმინისტრაციამ პარტიის მხრიდან გავრცელებულ რეკლამებთან დაკავშირებით დაიწყო მოკვლევა, რასთან დაკავშირებითაც დარღვევები გამოვლინდა.
„იცით, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა გარკვეული რეკლამები, რაც უშუალოდ ცესკო,ს თავმჯდომარემ შეისწავლა. ჩვენ მოგვმართა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივრით, არსებობდა შესაბამისი ვადები, ცესკო-ს თავმჯდომარის დავალებით, შესაბამისმა სამსახურმა ამ საკითხის შესწავლა დაიწყო. 10-დღიანი ვადა იყო ამისათვის, დღეს გაიმართა ცესკო-ში ზეპირი მოსმენა, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. ზეპირ მოსმენაზე იყვნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, ასევე იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები – ისინი, ვინც კონკრეტული საჩივრის ავტორები იყვნენ.
მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ წარმოედგინათ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, ვინაიდან, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დარღვეული იყო წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესი. ეს არის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი. სანქცია განიხილება 79-ე მუხლით. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, აღნიშნული პარტია უნდა დაჯარიმდეს თუ არა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.