15 სექტემბრიდან სწავლის განახლების უფლება 820 სასწავლო დაწესებულებას მიეცა

“სასწავლო პროცესის განახლებამდე სასწავლო დაწესებულებები წინასწარ უნდა შევამოწმოთ, ჯარიმებზე საუბარი ჯერ ადრეა, აქცენტს ვაკეთებთ, რომ ნებართვა გავცეთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, 15 სექტემბრიდან სწავლის განახლების უფლება 820 სასწავლო დაწესებულებას მიეცა.

„არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებები, არამედ ბევრი ბიზნეს სუბიექტი ოპერირებას აახლებს შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. სკოლებთან მიმართებით გვაქვს ეს პროცესი, სასწავლო პროცესის განახლებამდე წინასწარ უნდა შევამოწმოთ, ჯარიმებზე საუბარი ჯერ ადრეა, აქცენტს ვაკეთებთ, რომ ნებართვა გავცეთ. რაც შეეხება გეგმურ გადამოწმებას, ეს იქნება სასწავლო პროცესის განახლებისას, თუ რამდენად ითვალისწინებს ესა თუ ის სკოლა რეკომენდაციებს. დღეის მდგომარეობით, ნებართვების გაცემის ეტაპზე ვართ. ასე მკვეთრად არ შევხედავდი, რომ ვინმემ ნებართვა არ მიიღო, ეს მუდმივი პროცესია. მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით შესრულდა ყველა მოთხოვნა.

დილას გადავამოწმეთ და 820 სასწავლო დაწესებულებას მიენიჭა უფლებამოსილება, რომ 15 სექტემბრიდან განაახლოს სასწავლო პროცესი. 15 სექტემბრამდე ყველა სასწავლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შემოწმდება. ის, ვინც დახარვეზდა და პირველ ეტაპზე არ მივეცით დადებითი დასკვნა, რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და განმეორებით ხდება ინსპექტირება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები