ამირან გამყრელიძე: მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებში კორონავირუსზე ტესტირება გაფართოვდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცაგერთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებში კორონავირუსზე ტესტირება გაფართოვდეს.
მისივე თქმით, აღნიშნულ ლოკაციაზე ინტენსიური თერმოსკრინინგიც დაიწყება.
„ცაგერთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებში გაფართოვდეს ტესტირება. დაიწყება ინტენსიური თერმოსკრინინგი, ტესტირება. შესასვლელში გამკაცრდება ღონისძიებები, დაიდგმება კარავი და ყველა შემსვლელს და გამომსვლელს შესთავაზებენ ლაბორატორიულ PCR ტესტირებას, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება. ასევე ბიოლოგიური ნაცხის ამღები ჯგუფები იმოძრავებენ სოფლებში. იმერეთის რეგიონი აქტიურად მიეხმარება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონს და შესაბამის სამსახურებს და იმედი მაქვს, მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება ხელს შეგვიწყობს, რომ დროულად მოვახდინოთ ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირება და მათი იზოლირება და ასევე შესაბამისი კონტაქტების მოძიება“, – განაცხადა გამყრელიძემ.