“ყველა ის პირი, რომელსაც ჰქონდა კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი”
„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თითოეულ რეკომენდაციას პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” თითოეული წარმომადგენელი თანმიმდევრულად შეასრულებს. ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში.
ასევე, უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს.
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის, ყველასთვის უმნიშვნელოვანესია ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეუღლის, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზოგადოებას აქტიურად მივაწვდით სიახლეებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას – ჩვენი პარტია, ბუნებრივია, პაუზას იღებს, რადგან უპირველესი არის ჩვენი საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა.
აქვე გიდასტურებთ, რომ იმ ღონისძიებებში, რომელიც ბოლო პერიოდში „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ინიციატივით ჩატარდა: 6 სექტემბერს ქუთაისსა და გუშინ თბილისში, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა.
„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” , საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის სიახლეებს ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეუღლის, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.