მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროებს ასახელებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი, კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან სამზე ინფიცირების წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 421 პაციენტი მკურნალობს.
“ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან – 7 არის “დონასთან” დაკავშირებული შემთხვევები, 12 ქალაქ ბათუმთანაა დაკავშირებული, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ორი გახლავთ ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი, 5 შემოტანილი შემთხვევაა, სამი სამედიცინო პერსონალია, სამზე კი წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.
გამოჯანმრთელდა მხოლოდ 4 ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს. აქედან კრიტიკულია სამი პაციენტი, მძიმეთა სიაშია 17.
ჩვენს ცენტრში 22 დადასტურებული შემთხვევაა მოთავსებული, ერთი კრიტიკულად მძიმეა, ერთი მძიმეა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.