მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი კლასტერის წარმომადგენლების მიერ ჩვენ ვიხილეთ აღიარებების სერია
„ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი კლასტერის წარმომადგენლები იმდენად არიან აჭრილები, რომ ჩვენ აღიარებების სერია ვიხილეთ და მოვისმინეთ მათგან. დარწმუნებული ვარ, ეს ლუსტრაცია, მათი ამ ისტერიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გაგრძელდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო პირდაპირ ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილის აღიარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა” აყალბებდა კვლევებს, მალავდა კონკრეტულ მონაცემებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებიც კი არ უჭერდნენ მხარს, მიხეილ სააკაშვილი გამხდარიყო პრემიერობის კანდიდატი.
„ჩვენ ამას ვლაპარაკობდით წლების განმავლობაში. ვამბობდით, რომ გაყალბებული კვლევები ქვეყნდება „ნაციონალური მოძრაობასა” და მაშინდელ „რუსთავი 2″-თან აფელირებული კონკრეტული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ატარებენ საველე სამუშაოებს და შემდეგ, სამწუხაროდ, ამას აქვეყნებენ ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც, როგორც ჩანს, შეცდომაში შეჰყავდათ და ისევე ატყუებდნენ, როგორც – ქართულ საზოგადოებას. ასევე, ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარება რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მან აღიარა მძიმე დანაშაულები, უბრალოდ, მან ამ დანაშაულებებს დაარქვა ,,მძიმე შეცდომები,, და ეს იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა და თან აღიარება გაეკეთებინებინა, არ ვიცი, რას ემსახურებოდა მისთვისაც კი ყოვლად უსარგებლო ვიდეორგოლი. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ ძალიან ბევრ აღიარებას. დარწმუნებული ვარ, ლუსტრაცია გაგრძელდება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.