სერგი კაპანაძე – სააკაშვილის მიმართვაზე: მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, საკმარისი არ არის

“სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ იმის ხედვა, თუ როგორია მდიდარი საქართველო და არა – კონკრეტული გზები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს უმძიმესი და უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ”, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება.

კაპანაძის თქმით, ქვეყანას კრიზისის დასაძლევად კონკრეტული გეგმა სჭირდება.

„დღეს ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც არის სასწრაფოდ გამოსაყვანი და სასწრაფოდაა მოსახდენი გარდამტეხი ცვლილებები. ამას სჭირდება კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ იმის ხედვა, თუ როგორია მდიდარი საქართველო და არა – კონკრეტული გზები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს უმძიმესი და უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. განსხვავება სწორედ ესაა, რომ „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს ასეთი ხედვა, გვაქვს მიმართულება – რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მდიდარი, რა უნდა გაკეთდეს, რომ მწვავე კრიზისი დაიძლიოს „ქართული ოცნების“ დამარცხების მერე, რაც აუცილებლად მოხდება, ქვეყანა წავიდეს წინ და არ წავიდეს უკან. მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს მდიდარი და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ე) საკმარისი არ არის“, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იქნება არა სრული ვადით, არამედ – 2 წლით.

“2 წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. მინდა, შეცდომებისთვის მოგიხადოთ კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელი ბოდიში, მაგრამ ბოდიში არ კმარა, მთავარია არა ბოდიში, არამედ – შეცდომების გამოსწორება. მინდა, გვქონდეს და მოგვეცეს შეცდომების გამოსწორების საშუალება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები