მარინა ეზუგბაია: ინფიცირებული პაციენტების გამოვლენა ყველაზე დიდი რაოდენობით მერვე დღეს ხდება, თუმცა ჯერ კარანტინის დღეების შემცირებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის
“კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოვლენა მერვე დღეს ხდება, თუმცა ჯერ კარანტინის დღეების შემცირებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ საკარანტინო დღეების შესაძლო შემცირების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მერვე დღე არის ის დღე, როდესაც უნდა მოხდეს ინფიცირებულ პაციენტში კლინიკის გამოვლენა.
„პაციენტები კარანტინში იმყოფებოდნენ 12-14 დღის განმავლობაში და მეცამეტე დღეს კეთდებოდა კვლევა. ინკუბაციური პერიოდი ამ დაავადებისა ვიცით, რომ არის 14 დღე, მაგრამ ყველაზე მეტი რაოდენობით გამოვლენა ხდება 6-8 დღეში და ზუსტად ამაზეა გათვლა. მერვე დღე არის ის დღე, როდესაც უნდა მოხდეს ინფიცირებულ პაციენტში კლინიკის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ინფიცირებულებს, რომლებსაც კლინიკა გამოუვლინდებათ, ადრე ჩაუტარდებათ ტესტი, მაგრამ მათი, ვისი კლინიკაც გამოვლენილი არ იქნება, ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობით გამოვლენა ხდება მეექვსე-მერვე დღეს. თუმცა, დღეს ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.