ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში 4 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი გადამუშავებულია
4 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 4 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი 140 კომპანიაა დარეგისტრირებული, ყურძნის გადამუშავების პროცესში კი უკვე 22 ღვინის საწარმო იყო ჩართული.
“რთველის მიმდინარეობის შესახებ განახლებული სტატისტიკის ნახვა შესაძლებელია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე http://www.wine.gov.ge/Ge/Harvest შეეძლება.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.
„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 შეუძლია”, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.