ირაკლი სესიაშვილი: ის განცხადება, რომ მომაკვდინებელი ნივთიერება ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, სისულელე და აბსურდია
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მომაკვდინებელი ნივთიერება ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება – სისულელეა, რადგან მისი შემქმნელები საბჭოთა სამხედრო მეცნიერები არიან.
„დღეს გაკეთდა განცხადება, რომ მომაკვდინებელი ნივთიერება – ა234 თურმე ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, რაც, რა თქმა უნდა, სისულელე და აბსურდია. ფაქტია, რომ ეს არის საბჭოთა სამხედრო მეცნიერების მიერ შექმნილი მომაკვდინებელი ნივთიერება, რომლის გამოც თანამედროვე რუსეთში ათამდე პირი იქნა მოკლული. ამიტომ იმას, რომ ლუგარის ლაბორატორიას რაიმე კავშირი აქვს ამ ნივთიერებასთან, არავინ დაიჯერებს. როგორც ჩანს, სპეცსამსახურები გათვლას არა გარე სამყაროზე, არამედ თავიანთ რუსეთის მოქალაქეებზე აკეთებენ.
ლუგარზე თავდასხმა არაერთხელ გვინახავს. მე ამას ვუკავშირებ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დისკრედიტაციას რუსეთის მხრიდან. ასევე ამას ვუკავშირებ კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან საქართველო იყო ძალიან წარმატებული და რუსეთის წარუმატებლობაც შეიძლება, დისკრედიტაციის ნაწილი იყოს. ამასთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდია და, როგორც ჩანს, ჩვენს მტრებს არ სურთ, რომ ძლიერი საქართველო გამოჩნდეს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ლუგარის ლაბორატორიის კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო.