კახა კალაძე: ტრანსპორტში პირბადეებით მგზავრობა და ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
მისი განცხადებით, ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
„მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანლებს მოუწოდა, თანამშრომლების მუშაობის დისტანციური რეჟიმი მაქსიმალურად შეინარჩუნონ.
„სამწუხაროდ, 38 ახალი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადამიანები, ვინც შეგიძლიათ, რომ სახლიდან დისტანციურად ამუშაოთ, აღნიშნულ რეჟიმში დატოვოთ. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ მერიის შენობასა და ყველა დაწესებულებაში პირბადეებით გადაადგილება აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.