მარინა ეზუგბაია: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სამსახურების მიერ კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სამსახურების მიერ კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს.
ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა 16 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
„16 აპრილის შემდეგ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი, რისი მატებაც გვაქვს. მართალია, მატების ძირითადი წყარო საკონდიტრო მაღაზია „დონაა“ , მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ეს ახალი წყარო ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები შევასრულოთ. თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არის დისტანცირება და პირბადე. ამიტომ, საკუთარ თავს, ყველას მოვუწოდებ, პირბადეების ტარებითა და დისტანცირებით დავიცვათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები. სადაც თავშეყრის ადგილებია, უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები შესაბამისი სამსახურების მიერ. მაგალითად, ეს არის სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი და სადაც შესაძლებელია, ათ კაცზე მეტი შეიკრიბოს. ამის შემოწმება და კონტროლი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სამსახურებმა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება.