“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივითა და Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით, სვერში ცოცვის ფესტივალი გაიმართება(ვიდეო)

“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივითა და Georgian Climbers Club-ის ორგანიზებით, სვერში ცოცვის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიებას 29-30 აგვისტოს სვერის სათავგადასავლო ბანაკი უმასპინძლებს. ბანაკი აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, ხის კოტეჯებით, საკარვე ადგილებით, მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეებით, საპიკნიკე, საკოცონე, სამზარეულო, სასადილო და საშხაპე ზონით, ასევე, საჭირო სპორტული ინვენტარით.

ბანაკში პროფესიონალი გიდების დახმარებით, ყველა პირობაა შექმნილი კლდეზე ცოცვისთვის, ასევე, შესაძლებელია, ველოტურის დაგეგმვა, რაფტინგი, კანიონინგი, ლაშქრობა, ისტორიული ადგილების მონახულება და სხვა.

ფესტივალის მიზანია მეკლდეურობის, როგორც ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ფესტივალი ასევე, მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა როგორც პროფესიონალ მეკლდეურებს, ასევე, მოყვარულებს შეეძლებათ.

“ბანაკში შესაძლებელია კლდეზე ცოცვა, ასევე, ტბის ტური, კანიონინგი, მღვიმის ტურები, ლაშქრობა, ველოტურები. ფესტივალს “ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით ვმართავთ, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ამ კომპანიის დახმარებით, ფესტივალზე სპეციალური პრიზები დავაწესეთ”,- აღნიშნა სვერის სათავგადასავლო ბანაკის დამფუძნებელმა ლევან გოგოლაძემ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე სრულად იქნება დაცული COVID19-თან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ბანაკი აღჭურვილია თერმოსკრინინგით, სადეზინფექციო საშუალებებით, გამაფრთხილებელი ნიშნულებითა და დეზობარიერებით.

ექსტრემალური სპორტის სახეობის – მეკლდეურობის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, “ჯორჯიან მანგანეზი” უკვე წლებია როგორც ფინანსურ, ასევე, სხვა სახის მხარდაჭერას უცხადებს ადგილობრივ მეკლდეურებსა და მოყვარულ სპორტსმენებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები