თეა ახვლედიანი: ხელისუფლების ერთერთი პრიორიტეტია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობა ჩაერთოს ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში

საქართველოს ხელისუფლების ერთერთი პრიორიტეტია, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პირველი გაცნობითი ვიზიტისას განაცხადა.

ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების მერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები. განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები, ახალ სახელმწიფო სტრატეგიაში გათვალისწინების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქშიც გაემგზავრა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკისთან დაკავშირებული ხედვები გააცნო და დაინტერესდა ამ თვალსაზრისით მათი ხედვებითა და მოსაზრებებით.

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან უშუალო გარემოში გამართულ სამუშაო, გაცნობით შეხვედრებს ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც უკვე დაწყებულია სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა. ამ პროცესში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა და მათთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლა, ჩვენი ერთერთი უპირველესი ამოცანაა. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რისთვისაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ძალისხმევას არ დაიშურებს”-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

საქართველოს ხელისუფლების ერთერთი მთავარი პრიორიტეტი არის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მისი ამ რანგში საქმიანობის საწყის ეტაპზევე დაიწყო და გაგრძელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები