სოფო კილაძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და საზოგადოება დადგეს ერთად ასეთი საზარელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად

„მოხდა ენით აუწერელი ტრაგედია. მინდა, მივმართო ყველა ბავშვს, განსაკუთრებით, იმ ბავშვებს, რომლებიც რეგიონებში არიან და შეიძლება მსგავს სიტუაციაში ან თვითონ, ან მათი ახლობლები იყონ. ჩვენ მაისიდან, Unicef-თან ერთად ავამუშავეთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 111, რომელიც უფასოა და სრულად იქნება ანონიმურობა გარანტირებული ყველა ასეთ შემთხვევაზე”,- განაცხადა თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„თუ იცით, თუ გსმენიათ ასეთი ფაქტის შესახებ, გთხოვთ, მიმართოთ 111-ს იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ბავშვები. ყველა ასეთ შემთხვევაზე საზოგადოების და ყველა იმ შესაბამისი სტრუქტურის აქტიურობა, რომლის ვალდებულებაცაა მოახდინოს იდენტიფიცირება, გამოიკვლიონ და დაეხმარონ ბავშვებს, უდიდესი მნიშვნელობისაა. ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა – სახელმწიფოსაც და იმ საზოგადოებასაც, რომელმაც გულგრილობა გამოიჩინა და ხმა არ ამოიღო ასეთ უბედურებაზე. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და საზოგადოება დადგეს ერთად ასეთი საზარელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ბავშვის უფლებათა კოდექსით ადგილობრივ თვითმმართველობებში 1 სექტემბრიდან გვექნება სტრუქტურული ერთეულები, სადაც იქნებიან სოციალური მუშაკები, რომლებმაც პროაქტიულად უნდა იმუშაონ. ეს არის სრულიად ახალი სტრუქტურული ერთეული. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების ტრენინგების მეშვეობით, შესაბამისი საკანომდებლო პროექტების შექმნით და ყველა საჭირო კომპონენტით აღჭურვით, დავეხმაროთ აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში და შემდგომ უკვე წლების მიხედვით გავაძლიერებთ შესაბამისი რესურსებით აღჭურვას და შესაბამის თანხებს კიდევ უფრო გავზრდით ბიუჯეტში. ეს არის პირველი ნაბიჯები, რაშიც საზოგადოების გვერდით დგომა გვჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ მედიაც ჩვენ გვერდით დადგება ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე”,- აღნიშნა სოფო კილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები