ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ბათუმის მერია ქალაქში და მის შემოერთებულ ტერიტორიაზე სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. როგორც ,,რეგიონულ კვირას” მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში განუცხადეს, გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში 30-მდე ოჯახი დაიტბორა.

მწვანე კონცხსა და კახაბერში განვითარდა მეწყრული პროცესი, სადაც მძიმე ტექნიკა დილიდან მუშაობს. ერთ მისამართზე სახურავი, ხოლო ერთერთ შენობაში კონსტრუქცია ჩამოინგრა. სტიქიის შედეგად, ღია ცის ქვეშ დარჩენილი რამდენიმე ოჯახი დროებით სასტუმროებში არიან გადაყვანილნი.

მერიაში ამბობენ, რომ ოჯახების ქირით დაბინავება დღეს მოხდება. დაითვლიან ზარალს და შესაბამის კომისიაზე წარადგენენ, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი რეაგირება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქუჩების მოწესრიგება. პარალელურად სუფთავდება სანაპირო ზოლიც.

,, გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად, 30 მდე ოჯახი დაიტბორა, ყველა ადმინისტრაციული ერთეული მოსახლეობასთან იყო უშუალო კომუნიკაციაში. ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. დღის ბოლომდე დაითვლიან ზარალს, ხვალ კი მზად იქნება კომისიაზე წარსადგენად. რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, ისინი გუშინვე დავაბინავეთ“, -განაცხადა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორმა , ჯუმბერ კობალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩა პარალიზებული გახდა, გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე ავტომობილითაც შეუძლებელი იყო. პარალიზებული იყო ბათუმი-მახინჯაურის ცენტრალური გზის მონაკვეთიც. მერიის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ყველა საჭირო ღონისძიებებს ატარებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები