დიმიტრი ხუნდაძე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს როლი შეუცვლელია, იმედი მაქვს, პრობლემები მოგვარდება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს როლი შეუცვლელია.

ხუნდაძე იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხს მოაგვარებს.

“არ არის საუკეთესო გამოსავალი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მიღების შეწყვეტა. ინფექციური საავადმყოფოს როლი არის შეუცვლელი. ბატონ თენგიზს არამხოლოდ როგორც პროფესიონალს, პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ. იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ეს პრობლემები მოგვარდება. თუ საჭირო იქნება კომიტეტის ჩართულობა, რა თქმა უნდა ჩვენც ჩავერთვებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონი თენგიზის როლი, როგორც ექიმის, ასევე კლინიკის – ინფექციური საავადმყოფოს როლი არის შეუცვლელი”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება 20 აგვისტოდან შეაჩერა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა – “ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოთ აღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული, მინიმალურად აუცილებელი პირობები. ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ ძალიან ცუდ ყოფით პირობებს (პალატები, ტუალეტები, დერეფნები და სხვ.), თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სისტემებისა და სერვისების არარსებობას, როგორიცაა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ.”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები