“დაინტერესებულები ვართ, რომ მოხდეს იმ უმძიმესი პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენს ურთიერთობებში რუსეთთან მიმართებით არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან”,- ასე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
აბაშიძემ, ფრენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო საავიაციო მიმოსვლის აღდგენის მომხრეა.
“დაინტერესებულები ვართ, რომ მოხდეს იმ უმძიმესი პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენს ურთიერთობებში რუსეთთან არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამ ურთიერთობების დარეგულირება უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის, ჩვენი სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე, რაც ჯერჯერობით არ ხდება. სწორედ, ამიტომ დიპლომატიური ურთიერთობების საკითხი დღის წესრიგში ჯერ ვერ დადგება.
ფრენები ჩვენი მიზეზით არ შეჩერებულა. ჩვენ ვიყავით და ვართ მომხრე, რომ საავიაციო მიმოსვლა აღდგეს. ეს, ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტექსტში უნდა განვიხილოთ”,- განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ გაზეთ „ტრუდ“-თან განცხადება გააკეთა – “რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელ და მეგობრულ ურთიერთობებს. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და ჩვენი ხალხების საერთო ისტორია და კულტურა, რომელიც მილიონობით ადამიანის აკავშირებს ერთმანეთთან”.
ლავროვის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია.