ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექციას ახალი სახეობები დაემატა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, სატყეო კულტურების კოლექციას ახალი სახეობები დაემატა. დღეისათვის, სატყეო კულტურების კოლექციაში 88 სახეობაა დაცული, მათ შორისაა უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. სახეობების უდიდესი ნაწილი ენდემურია. კოლექცია 4 სექციისგან შედგება, დეკორატიული, წითელი ნუსხის, ხეხილის ველური წინაპრების და აღმოსავლეთ საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობები. კოლექციაში წითელი ნუსხის 20 სახეობაა დაცული, მათ შორის ისეთი უნიკალური სახეობები როგორიცაა უთხოვარი, საღსაღაჯი, ხემარწყვა, თურანულა და სხვა.
კოლექცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა კადრების მომზადების პროცესში –  სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები რეგულარულად გადიან პრაქტიკულ სწავლებებს.
დღეს მსოფლიოში უდიდესი ადგილი სწრაფმზარდი მერქნიანი სახეობების გამრავლებას და პლანტაციური მეურნეობების განვითარებას უკავია. ჯიღაურაში ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ბაზაზე საზღვარგარეთიდან შემოტანილია ვერხვის სწრაფმზარდი 25 ფორმა, რომელზეც მიმდინარეობს კვლევები, იმისთვის რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობებისთვის ადაპტირებული საუკეთესო ფორმები შეირჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები