სამცხე-ჯავახეთში სამ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთში სამი სკოლის რეაბილიტაციისთვის,  დაახლოებით, 6.6 მილიონ ლარს დახარჯავს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის შესრულებას განაგრძობს. ტენდერი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2 სკოლის: ქ. ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლისა და სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა. ასევე, ტენდერია გამოცხადებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.

ქ. ნინოწმინდის №1 სკოლის რეაბილიტაციისთვის ფონდმა ტენდერი 3 093 938 ლარზე გამოაცხადა, ხოლო სოფელ ყაურმაში სკოლის რემონტისთვის 1 697 000 ლარია გამოყოფილი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 1,9 მილიონია გათვალისწინებული.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები