ლევან ალაფიშვილი: “კომუნიკაციების შესახებ კანონში” ცვლილებები ბიზნესს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას ართმევს
„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის შესახებ კომპანიამ თავისი მოსაზრება უკვე დააფიქსირა და საზოგადოებას გააცნო თავისი ხედვა, თუ რატომ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციური და საინვესტიციო გარემოსთვის დამაზიანებელი.
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები არაკონსტიტუციურია.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი მიღებული არის 2005 წელს და 2020 წლის 1-ელ ივლისამდე კომუნიკაციების კომისიის მხრივ არასდროს დასმულა ოპერატორთა მიმართ სანქციების არაეფექტურობისა და აღსრულების უკიდურესად მძიმე ჩარევის, სპეციალური მმართველის დანიშვნის საჭიროების საკითხი“, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.
მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ მთავრობა და კომუნიკაციების კომისია კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ მალავენ და ღიად უთითებენ, რომ ეს ცვლილებები საჭიროა ერთი კონკრეტული ოპერატორი კომპანიის მიმართ ღონისძიებების გასატარებლად.
„პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება დაკავშირებულია ადრესატის უშუალო ქმედებასთან და მხოლოდ მას შეუძლია მისი აღსრულება და აღსრულების ყველა სხვა საშუალება არაეფექტურია. მაგალითად, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი წილების/აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში (რაც აკრძალულია და ბათილია „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე – 27-ე მუხლების მიხედვით), კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს მოსთხოვოს კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებული ტრანზაქციის შებრუნება და წილის/აქციის გასხვისებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა“,– მითითებულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ლევან ალაფიშვილიც აცხადებს, რომ ეს გარემოება, რომ კანონის ცვლილება და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაფართოება კონკრეტული კომპანიის, „კავკაზუს ონლაინი“-ს მიმართ განხორციელდა, დაადასტურა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც.
2020 წლის 17 ივლისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ აღმოჩნდა საკმარისი კომპანიის ქმედებების აღსაკვეთად, ამიტომაც შევიდა კანონში ცვლილებები.
„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.
2020 წლის 17 ივლისსვე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.
კითხვაზე, რა განაპირობებს კანონის ანტიკონსტიტუციურობას, ლევან ალაფიშვილმა განაცხადა:
“კანონპროექტით გათვალისწინებულია დროებითი მმართველის დანიშვნის პირობა: თუკი მანამდე კომისიას ოპერატორის მიმართ გამოყენებული აქვს სანქციები, ჯარიმის ჩათვლით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს შემთხვევას, როცა მანამდე გამოყენებული სანქციები ოპერატორს გასაჩივრებული აქვს სასამართლოში. ანუ გამოდის რომ კომისიას შეუძლია არ დაელოდოს გამოყენებულ სანქციებზე სასამართლო დავის დასრულებას და დანიშნოს დროებითი მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის იმ გადაწყვეტილებას რომელზეც ოპერატორი სასამართლოში დავობს, რომლის კანონიერება ჯერ დადასტურებული არ არის. გამოდის, რომ სასამართლო განხილვების დასრულებისთვის კომისიის სადავო გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნება ისე როგორც კომისიის სურვილი იყო. ამდენად, დავის სასამართლო განხილვა აზრს კარგავს. ეს კი ნიშნავს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს და დაცვის უფლების უგულებელყოფას.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით სერიოზული ზიანი მიადგა არა მხოლოდ ერთ ოპერატორს, არამედ ქვეყანას.” – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.