ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის რეკონსტრუქციის მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

დეპარტამენტის ცნობით, გზის მონაკვეთი დაყოფილია 2 ნაწილად (ლოტად) და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ 95 მილიონი ლარით ფინანსდება.

“სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და, ჯამურად, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზასა და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი მიიღო.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, რომელიც რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს.

განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები