არჩილ თალაკვაძე: თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც დღესაც ცდილობს, რომ არჩევნებს ჩრდილი მიადგეს

“ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში. ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი სპეციალურად აკეთებს განცხადებებს, რათა შექმნას განწყობა, რომ, თითქოს, ხელისუფლებას არ უნდა დამკვირვებლები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც დღესაც ცდილობს, რომ არჩევნებს ჩრდილი მიადგეს.

„ამისთვის მთავრობას სპეციალური პროტოკოლი მზად აქვს და მოდული არის შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირება. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამუშაო შეხვედრები ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან და დამკვირვებლები იქნებიან ძალიან წარმომადგენლობითი მისიებით წარმოდგენილები. ამასთან, პრემიერმინისტრსა და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხო არჩევნების წესებსა და სტანდარტთან დაკავშირებით. ჩვენ მზად გვაქვს და ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულაციები მივიღეთ. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაცია, ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად, უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობს, რომელიც არჩევნების დროს იქნება გამოყენებული. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემო უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საარჩევნო ყუთთან მიდიან და ასევე დამკვირვებლებისთვის.

ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი სპეციალურად აკეთებს განცხადებებს, რათა შექმნას განწყობა, რომ თითქოს ხელისუფლებას არ უნდა დამკვირვებლები. მე პირიქით გეტყვით, რომ ძველ ოპოზიციას არ უნდა ბევრი დამკვირვებლის ჩამოსვლა. საერთოდ, მათი დღის წესრიგი არაა არჩევნები და მშვიდი საარჩევნო პროცესი. ისინი დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ ნახა ის ხალხი, როგორც საპარლამენტო დარბაზებში რას ჩადიოდნენ, ასევე  ქუჩაში ნახა, სადაც დემოკრატიული და მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, მათ ყველაფერი გააკეთეს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის განხორციელებისთვის. ასე რომ თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც დღესაც ცდილობს, რომ არჩევნებს ჩრდილი მიადგეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები