“როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი ხანია, ნათელია. ჩვენი საზოგადოება ხედავს, თუ როგორ ფიქრობს და როგორ მოქმედებს ოპოზიცია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოფილი შს მინისტრისა და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას.
თალაკვაძის თქმით, ძველ ოპოზიციას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია.
“როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი ხანია, ნათელია. ჩვენი საზოგადოება ხედავს, თუ როგორ ფიქრობს და როგორ მოქმედებს ოპოზიცია. მე განსაკუთრებით გამოვყოფდი ძველ ოპოზიციას, რომელიც არის დესტრუქციული. მას არ გააჩნია პოზიტიური დღის წესრიგი. ვანო მერაბიშვილმა ეს ახლა აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის შიდა სამზარეულოში და ნახა ის უპრინციპობა, რაც იქ ხდება – დაწყებული როდესაც ქვეყანა ებრძოდა პანდემიას და ძველი ოპოზიცია ებრძოდა ჯანდაცვის სისტემას, გაგრძელებული – როდესაც ქვეყანა დგამდა დემოკრატიულ ნაბიჯებს, ცვლიდა კონსტიტუციას, საარჩევნო კოდექსს, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ამ პროგრესულ ცვლილებებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს – “დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე – საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება”.