გერმანია საქართველოს 170 მლნ ევროს სესხსა და 28,5 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის დღეს შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გერმანიის მიერ საქართველოსთვის, დაახლოებით, 170 მლნ ევროს ოდენობით სესხისა და 28,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხა ურბანული განვითარებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ენერგოეფექტურობასა და გარემოს დაცვის ღონისძიებებს მოხმარდება.

,,ფინანსური რესურსი მიიმართება შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:
„მდგრადი ურბანული მობილურობა საქართველოში“– 100მლნ ევრო სესხის, ხოლო 2.0 მლნ ევრო გრანტის სახით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;

„ღია პროგრამა ენერგოეფექტიანობა საქართველოში“ – 40 მლნ ევრო სესხის, ხოლო 3,2 მლნ ევრო გრანტის სახით პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;

„კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“– 30 მლნ ევრო სესხის, ხოლო3.0 მლნ ევრო პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის;

„ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება – საქართველო“ – 18,5 მლნ ევრო გრანტის სახით;

„ენეროგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება – ფაზა II“ – 1,8 მლნ ევროგრანტის სახით.

შეთანხმების პროექტით განსაზღვრული პროექტების ფარგლებშიგანსახორციელებელი ღონისძიებები დაზუსტდება მოგვიანებით და შესაბამისი სასესხო და საგრანტოხელშეკრულებები გაფორმდება „გრანტების შესახებ“ და „სახელმწიფო ვალის შესახებ“საქართველოს კანონების შესაბამისად,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებას წინ უძღვოდა 2019 წლის 6-7 ნოემბერს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნების მთავრობების მიერ მოლაპარაკებების შედეგად თანხმდება. ეს არის გერმანიასა და საქართველოს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი. ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, შეღავათიანი სესხის სახით 100 მლნ ევრო გამოიყოფა ურბანული მობილობის პროექტისთვის ქვეყნის დიდ ქალაქებში, 40 მლნ ევრო მიიმართება ენერგოეფექტურობისთვის, ხოლო 30 მლნ ევრო გათვალისწინებულია თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. შეთანხმების ნაწილია, ასევე, საგრანტო კომპონენტიც, დამატებით 28.5 მლნ ევროს ოდენობით, რომელიც მოხმარდება ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარების იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს დაცულ ტერიტორიებთან სიახლოვეს. ეს პროექტი მიმართული იქნება იმისკენ, რომ განვითარდეს ტურიზმი და, ამავე დროს, დაცული იყოს ქვეყნის ბუნება. ჩვენ მადლობელნი ვართ საქართველოს მთავრობის იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში ვითარდება ორ ქვეყანას შორის. მიხარია, რომ უკვე მომავალი წლიდან დავინახავ, როგორ განხორციელდება აღნიშნული პროექტები“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

გერმანია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის საჯარო სექტორში, ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების მიზნით, გამოყოფილია დაფინანსება 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები