საქალაქო სასამართლო გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი რურუასთვის თავისუფლების  4 წლით  აღკვეთის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, თავისუფლების 4 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლაში.

საქმის არსებითად განხილვის სხდომებზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით: კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულისა და ავტომანქანის ჩხრეკის, საექსპერტო კვლევებისთვის ხელისადა ნერწყვის ნიმუშების აღების ოქმებით, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზების დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა გიორგი რურუას მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები