თბილისის მუნიციპალიტეტი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა
“თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის (იუნისეფი) გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქი იუნისეფის მხარდაჭერით „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა მოაწერეს.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიისთვის, რომელიც აქტიურადაა ჩართული ბავშვთა ყოველდღიური პირობების გაუმჯობესების პროცესში, აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა ორმაგად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება. თბილისის მერის განმარტებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ამოცანების ერთობლივად შესრულება დედაქალაქს შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტად გახდეს ბავშვზე ორიენტირებული ქალაქი.
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაეროს ბავშვთა ფონდთან. ყველაფერი, რაც კეთდება ქალაქში – ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია, ახალი პარკების მშენებლობა, სპორტული მოედნების, საბავშვო ბაღების მშენებლობა თუ სხვა, მიმართულია ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ასევე, ფინანსდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ბავშვთა დახმარების მიმართულებით. აღნიშნული მემორანდუმი ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების და ქალაქების გამოცდილება ამ მიმართულებით, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ბავშვებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა თბილისის მერს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ინიციატივის ფარგლებში ქართული მხარის აქტიური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.
„ვულოცავ თბილისის მერს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვის გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი იღებს ვალდებულებას, ბავშვებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ქალაქის დღის წესრიგში უმნიშვნელოვანესი ყურადღება დაეთმოს. ბავშვებისათვის ეს გულისხმობს მუნიციპალიტეტის დონეზე მათ მიმართ პატივისცემას, მათი საჭიროებების დადგენასა და გათვალისწინებას, წვდომას ხარისხიან ძირითად სოციალურ მომსახურებებზე, უსაფრთხო, დაცულ და სუფთა გარემოში ცხოვრებას და ოჯახური ცხოვრების, გართობისა და დასვენების შესაძლებლობებს. გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა, მხარი დაუჭიროს თბილისის მუნიციპალიტეტს ამ პროცესში“, – განაცხადა ღასან ხალილმა.
მემორანდუმი თანახმად, თბილისმა აიღო ვალდებულება. შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ხელს უწყობს ადგილობრივ ხელისუფლებებს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ყველაზე პატარა და ახალგაზრდა მოქალაქეების უფლებების დაცვას. იუნისეფი მხარდაჭერას გაუწევს თბილისის მუნიციპალიტეტს, რათა ის გახდეს ბავშვზე მორგებული ქალაქი.
იუნისეფის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ბავშვთა უფლებების კონვენციის საფუძველზე, 1996 წლიდან ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს მსოფლიოს ყველა ნაწილში. მსოფლიოს ბავშვზე მორგებული ქალაქების ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელთაც ქალაქის იმგვარად განვითარების ვალდებულება აქვთ აღებული, რომელიც ბავშვზე ორიენტირებული იქნება.