ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, კვლავ პატიმრობაში რჩება
ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცი, ალექსანდრე ივანოვი, რომელიც უმისამართოდ ისროდა, კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.
ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი ალექსანდრე ივანოვის 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 5 ივნისს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.