დავით ზალკალიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულმა საარჩევნო რეფორმებმა მაიკ პომპეოს მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა

“საქართველოს პრემიერმინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს, ეს პარტნიორობა ღრმავდება ყოველდღიურად”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერმინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საუბრისას ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელიც ეხება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, უსაფრთხოებასა და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას.

„აღსანიშნავია, რომ სწორედ პანდემიის გამო გადაიდო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია, რომელიც გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს ხელმძღვანლობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. საუბრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას სხვა მიმართულებებითაც. საუბრისას განხილული იყო ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა. მაიკ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საუბარი  შეეხო საქართველოს ევროპული და ავროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონში, ზოგადად, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ის, ნატო-სა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ და მაიკ პომპეომ ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულმა საარჩევნო რეფორმებმა სახელმწიფო მდივნის მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„აღინიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდი ინტერესი აქვთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი, რომლითაც დღემდე უკვე 300-ზე მეტი კომპანია სარგებლობს. მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის, გააგრძელოს ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ყურადღება დაეთმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და ამ რეფორმებმა დაიმსახურა სახელმწიფო მდივნის მაღალი შეფასება. ასევე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც, რომელიც იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე,  რა თქმა უნდა, წარმატებით ჩავატარებთ. ამასთან, საუბრისას აღინიშნა, რომ აშშ-უს ელჩს, კელი დეგნანსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამერიკა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, რაც უმნიშვნელოვანესია საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები