გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საქმეზე ბრალდებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ, მათ შორის, არასრულწლოვნებსაც.
მისივე თქმით, ახალი ბრალდების წარდგენა საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებისთანავე მოხდება.
„იცით, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არ არის გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ასევე, სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება. აღნიშნული იქნება მაშინვე, როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები იქნება. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა. რაც შეეხება საფუძვლებსა და არგუმენტებს, რითაც ეს გადაწყვეტილება იყო განპირობებული – არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
ბრალი არცერთ პირს არ უღიარებია. ერთერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, თუმცა, რაში გამოიხატებოდა ეს ნაწილობრივ აღიარება, არ ვიცი. დამატებითი კითხვები დაისმება გამოძიების პროცესში. სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც მოწმის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე ხდება. გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი იქნებოდა სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ადგილი დღემდე არ აქვს. შეიძლება, მან ან მისმა ადვოკატებმა მოგვმართონ და პირველივე განცხადების შემთხვევაში შევალთ საპატიმრო დაწესებულებაში და ხელახლა გამოვკითხავთ. თუმცა, აღნიშნული პირის მიერ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება არ არის ისეთი არსებითი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.