თენგიზ ცერცვაძე: სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა ან მედიკამენტი არ შეიქმნება, მანამდე “კოვიდთან” თანაცხოვრება მოგვიწევს

“კორონავირუსი არსად წასულა, თუმცა საქართველომ სასწაულს მიაღწია შესაბამისი სტრუქტურების გამორჩეული და ძალიან კარგი საქმიანობით”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ვაქცინა ან მედიკამენტი არ შეიქმნება, მანამდე “კოვიდთან” თანაცხოვრება მოგვიწევს.

„მთელს მსოფლიოში იზრდება „კოვიდ 19“-ის შემთხვევების რაოდენობა. იქ იზრდება ასეულობით, ათასეულობით და ათიათასეულობით. აშშ ყოველდღე ამყარებს რეკორდს. სომხეთსა და აზერბაიჯანში 500-600 შემთხვევაა, რუსეთში – 7000-8000, თურქეთში – 1500 შემთხვევა. ამ ფონზეზ საქართველომ ისედაც სასწაულს მიაღწია შესაბამისი სტრუქტურების გამორჩეული და ძალიან კარგი საქმიანობით და მთლად იმდენს ვერ აღწევს საქართველო, რომ არცერთი შემთხვევა არ იყოს, 1,2, 5, 10, 20 შემთხვევა სულ იქნება. ელემენტარულად ტრაილერის მძღოლები შემოდიან რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რამდენიმე ათეული ტრაილერი შემოდის დღეში.

ალბათ, ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი,  რაც  უნდა არწმუნო, როცა დაინახეს, რომ რეალურად საფრთხე არ ჩანს, ისინი გამოვიდნენ, დაიწყეს შეკრებები, ნორმალური, ადამიანური ცხოვრება, ჩქარა დაუბრუნდნენ ამას. დადიან კურორტებზე, ისვენებენ სასტუმროებში და არცერთი მათგანი არ ხდება ავად, ბუნებრივია, მოდუნდა ხალხი. ცალკეული შემთხვევები შეიძლება, მათ გამოსაფხიზლებლად სასარგებლოც კი იყოს. “კოვიდი” არსად წასულა. ის რჩება გაძლიერებული ფორმით და მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი. სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა ან მედიკამენტი არ შეიქმნება, მანამდე “კოვიდთან” თანაცხოვრება მოგვიწევს. ერთეული და ათეული შემთხვევა იქნება და მას უნდა დახვდეს ძლიერი კლინიკური სექტორი, რათა ეს ათეული შემთხვევა მთლიანად საქართველოსთვის არ იქნეს დისკომფორტის შემქმნელი და ქართველმა ხალხმა, მიუხედავად “კოვიდის” არსებობისა, თავი იგრძნოს დაცულად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები