გია ვოლსკი: აშშ-საქართველოს ურთიერთობა დამყარებულია არა მხოლოდ საერთო ფასეულობაზე, არამედ – პრაგმატულ ინტერესებზე, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება
“არის თემები, რომელთა გამოყენება პოლიტიკური ასპექტით არ შეიძლება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ვოლსკის თქმით, მთავარი ქვეყნის ინტერესებია.
„არ უნდა გიხაროდეს, რომ ვიღაცამ დააყენოს საკითხი, საქართველოს დახმარება მოეხსნას. ეს არ უნდა გიხაროდეს და, მით უმეტეს, არ უნდა იღვწოდე იმისთვის, რომ ზოგიერთ კონგრესმენს ასეთი სურვილი გაუჩნდეს. ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა განცხადებამ, რომელიც ადამ კინზინგერმა გააკეთა. ჩვენს ურთიერთობას არცერთი ხინჯი არ გააჩნია, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა დამყარებულია არა მხოლოდ საერთო ფასეულობაზე, არამედ – პრაგმატულ ინტერესებზე და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ადამ კინზინგერმა 21 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით კონგრესში სანქციებზე საუბარი არ ყოფილა.