კელი დეგნანი: აუცილებელია, მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

“აუცილებელია, მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, აშშ მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, რაც ერთერთი მნიშვნელოვანი ფორმატია.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს საქართველოს მხარს. ასევე, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, რაც არის ერთერთი მნიშვნელოვანი ფორმატი და მოგვიანებით, როგორც ვიცი, მოხდება პირისპირ შეხვედრები და მსჯელობა ამ ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დეგნანის თქმით, ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება ადამიანების გატაცებასა და სხვა თემებს, რაც წამოიჭრება ხოლმე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მათი უფლებების დარღვევის კუთხით, ამგვარ შეხვედრებზე უნდა გადაწყდეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მექანიზმები, რა თქმა უნდა, არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებით, აუცილებელია, მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. როგორც უკვე აღვნიშნე, მექანიზმები არსებობს. მთავარია, რომ რუსეთი დაექვემდებაროს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აღებული აქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები