ლევან კობიაშვილი: ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრები პროტოკოლის დაცვით დაიშვებიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ღია სტადიონებზე გულშემატკივართა დაშვება უახლოეს დღეებში შესაძლებელი გახდება.

მისივე თქმით, გულშემატკივრების სტადიონზე დაშვება გარკვეული წესების დაცვით მოხდება.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია რაღაც შეზღუდვების მოხსნა. დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრსა და საბჭოს წევრებს სტადიონებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა მოვახსენე. ალბათ, უამრავმა ადამიანმა ნახა კადრები, როდესაც სტადიონს მიღმა ვიწრო სივრცეში იკრიბებიან გულშემატკივრები. ნამდვილად არ არის სასურველი, თუნდაც  უსაფრთხოების კუთხით ან თუნდაც კოვიდთან მიმართებით მათი ერთად ყოფნა და ნახვა ასეთ მდგომარეობაში. შესაბამისად, გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით საკითხი დადგა. ძალიან პოზიტიური მხარდაჭერაა ამ კუთხით. ანუ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება. რასაკვირველია, ეს არ მოხდება ქაოტურად. ეს იქნება ყველა სტანდარტის დაცვით. განისაზღვრება, თუ რა რაოდენობის გულშემატკივარი შეიძლება, დავუშვათ სტადიონზე. ეს იქნება დისტანციის დაცვით. არ მოხდება ისე, რომ ყველა ერთ ადგილას იყოს თავშეყრილი. სასიხარულო ფაქტია, რომ გულშემატკივრებს ვნახავთ, სტადიონზე დავუშვებთ. თუმცა, ხაზს ვუსვამ, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა,  დაიცვას ის მოცემულობა, რაც პროტოკოლით იქნება განსაზღვრული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტადიონზე შესვლამდე იქნება ე.წ. თერმოსკრინინგი. ასევე, ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები