ევროსაბჭოს ოთხდღიანი სამიტი დასრულდა – მიღებულია ევროპისთვის ისტორიული გადაწყვეტილება
ევროკავშირის სამიტი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, იმის გამო, რომ ლიდერები შეთანხმებას ვერ აღწევდნენ, კონკრეტული შედეგით დასრულდა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამიტის შეჯამებაზე სოციალურ ქსელში დაწერა, ევროპისთვის ისტორიული დღეა.
კერძოდ, შეთანხმების თანახმად, COVID-19-ის შემდგომი პერიოდისთვის ევროეკონომიკის მხარდასაჭერად იქმნება ევროკავშირის ფონდი, რომელიც შეიცავს მრავალწლიან საბიუჯეტო გეგმასა და ეკონომიკების აღდგენას.
ევროპელი ლიდერები 2021-2027 წლების ბიუჯეტზე შეთანხმდნენ, რომლის ოდენობა 1,074 ტრილიონ ევროთი განისაზღვრა, ასევე, ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე 750 მილიარდი ევროს ბიუჯეტით.
მანამდე, მიმდინარე თვეს ევროკომისიაში განაცხადეს, პანდემიასთან დაკავშირებით წელს ევროკავშირის ეკონომიკა 8,3%-ით შემცირდება.