ზაზა გაბუნიამ პარლამენტს უსახლკარო პირთა მხარდაჭერის შესახებ თემატური ჯგუფის დასკვნა წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პარლამენტს უსახლკარო პირთა მხარდაჭერის შესახებ თემატური ჯგუფის დასკვნა წარუდგინა.

“2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ” თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე. ჯგუფის მიზანი იყო შეესწავლა საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული ვითარება, არსებული გამოწვევების გამოვლენა, რისი გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მწყობრი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილების მიმართულებით,”- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

როგორც კომიტეტის თავმდჯომარემ აღნიშნა, შემუშავებულია საკმაოდ სოლიდური და სრულფასოვანი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, მიმოიხილავს და აფასებს იმ ვითარებას, რომელიც ამ თვალსაზრისით არის ქვეყანაში და მეორე მხრივ, დოკუმენტში გამოკვეთილია ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც საქართველოში უსახლკარობის პრობლემებს უკავშირდება მათ შორის არის ტერმინის, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ფუნქციების გადანაწილების და სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხები.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, დოკუმენტში განსაზღვრულია რეკომენდაციები, რომელიც მიემართება როგორც საქართველოს პარლამენტს ისე მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს, უფრო კონკრეტულად, რეკომენდაციები ეხება უნიფიცირებული დეფინიციის საჭიროების, მონაცემების შეგროვების ერთიანი მეთოდოლოგიის შექმნის, სტატისტიკის წარმოების, კანონმდებლობით განსასაზღვრი გამოსახლების უნიფიცირებული განმარტების, საცხოვრისის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის, მუდმივი საცხოვრებლის არმქონე პირების საარსებო შემწეობაზე წვდომის და უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის სერვისების საკითხებს.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ უსახლკარო პირთათვის სათანადო პოლიტიკის არსებობა, მათთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება გახლავთ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, ამავდროულად საქართველოს მთავრობას აქვს აღებული ვალდებულება ღია მმართველობის პარტნიორობის წინაშე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს ექნება სრულფასოვანი დოკუმენტი უსახლაკრობის პრობლემის მართვისათვის, რომელმაც თანდათანობით უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემის დაძლევა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ სუბიექტს, სახელმწიფო უწყებებს, მუნიციპალიტეტებს, სახალხო დამცველის ოფისსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებმაც თავისი აქტიური წვლილი შეიტანეს თემატური ჯგუფის მუშაობაში.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები