კახა კალაძე: ქალაქში “ჭკვიანი” სატრანსპორტო სისტემის დანერგვა და ნაკადების ავტომატიზებული მართვა ხორციელდება
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაცია – „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ გამართა. თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემის დანერგვა და ნაკადების ავტომატიზებული მართვა ხორციელდება.
„ჭკვიანი“ შუქნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, გამოცხადებულია ტენდერი ახალი შუქნიშნების შესყიდვასთან დაკავშირებით და გვინდა, რომ მთელი ქალაქი საცობებისგან განიტვირთოს. ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, ვაკეთებთ ყველაფერ იმას, რაც განვითარებულ დიდ ქალაქებში გაკეთდა. ბევრისთვის ეს ყველაფერი შეიძლება, დისკომფორტი იყოს, თუმცა ამის გარეშე შეუძლებელია, ქალაქში არსებული მდგომარეობა მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, წარმატებით მიმდინარეობს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა, რომელიც 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონს მოიცავს. ასევე, დაწყებულია ტაქსის რეფორმა. რაც შეეხება მეტროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მოძრავი შემადგენლობების განახლებას, კახა კალაძის განცხადებით, ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. კერძოდ, დაწყებულია მეტროს იმ ვაგონების რეაბილიტაცია, რომელიც განახლებას ექვემდებარება. ასევე, გამოცხადებულია ტენდერი მეტროს ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით.
ცნობისათვის, სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.